
სააკაშვილი ოსებს ფართო სტატუსს შესთავაზებს
საქართველოს პრეზიდენტმა 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქს ფართო სტატუსი შესთავაზოს. კერძოდ პოლიტიკური უფლებები, პარლამენტსა და სასამართლო ორგანოებში კუთვნილი ქვოტები, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი გარანტირებული უფლებები.
ამასთან, თავდაცვა, საზღვრის კონტროლი, საზოგადოებრივი წესრიგის და ადამიანის უფლებების დაცვა ცენტრალური ხელისუფლების გამგეობაში იქნება.
“ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით მშვიდობაში არის ის, რომ მივცეთ სამხრეთ ოსეთს გარკვეული პოლიტიური უფლებები. ვსაუბრობთ ჩვენი მოსახლეობის 1%-ზე, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პროცენტია. მინდა, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა გარანტია მივცეთ [ოსებს], რომ არავინ არ დაჩაგრავს მათ საქართველოში”, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
პრეზიდენტის თქმით, მთავარი ბერკეტი იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მოსახლეობა დაბრუნდება ერთიან ქართულ სივრცეში, არის საქართველოს გაძლიერება. “ჩვენი ძლიერება ყოველდღე იზრდება”, აცხადებს სააკაშვილი.
პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების დეტალებზე 26 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ისაუბრებს.