skip to content
ახალი ამბები

ოს პატიმარს ცხინვალში სამშვიდობო ძალების იზოლატორში გადაიყვანენ

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ დღეს “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველი სამართალდამცავების მიერ 19 იანვარს დაპატიმრებულ ოლეგ ფუხაევს  ცხინვალში, შერეულ სამშვიდობო ძალების საგამოძიებო იზოლატორში უახლოეს დღეებში გადაიყვანენ. 


ამ შეთანხმებას მხარეებმა 24 იანვარს ცხინვალში საგანგებოდ მოწვეულ შერეული  საკონტროლო კომისიის სხდომაზე მიაღწიეს, რომლის გადაწყვეტილებითაც საქმის გამოძიებაში ჩართული იქნებიან ქართული, რუსული და ოსური მხარეები.


“[ფუხაევის საქმის] გამოძიებას გორის საგამოძიებო განყოფილება გააგრძელებს, ამ პროცესში ჩაერთვება ეუთოს მონიტორინგის ჯგუფიც”, განაცხადა გოგა ხაინდრავამ. 


ფუხაევი, რომელიც ამჟამად თბილისის N1 იზოლატორში იმყოფება, გასული წლის თებერვალში ქართულ სოფელ თამარაშენში ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
 
“არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, რომლის მიხედვით არ შეიძლება ადამიანი სასამრთლოს დასრულებამდე დამნაშავედ იქნეს ცნობილი”, დასძინა ხაინდრავამ. 
 
სახელმწიფო მინისტრი მხარს უჭერს კონფლიქტის ზონაში დაკავებული დანაშაულში ეჭვმიტანილის ერთობლივად გასამართლებას და აცხადებს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ამის პრეცედენტი იქნება.
 

Back to top button