
კოფი ანანი აფხაზეთში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელების მომხრეა
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის 2005 წლის 31 ივლისამდე გაგრძელების რეკომენტაციით გაეროს უშიშროების საბჭოს 20 იანვარს მიმართა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი 2004 წლის მეორე ნახევარში არ იყო იოლი, რადგან ვითარების დაძაბვის გამო, რაც აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს მოჰყვა, მხარეებს შორის შეწყდა დიალოგი.
კოფი ანანი აღნიშნავს, რომ ხუთი თვის განმავლობაში გაეროს მისია მხარეებს შორის დიალოგის განახლებისთვის გზების მოძიებით იყო დაკავებული.
გენერალური მდივანი კონფლიქტის ზონაში გაეროს მისიის მნიშვნალოვან როლზე საუბრობს და მოუწოდებს მხარეებს უზრუნველყონ გაეროს წარმომადგენელთა თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება.
კოფი ანანი იმედოვნებს, რომ აფხაზეთში ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევის შედეგად პოლიტიკური ვითარება სტაბილური გახდება და მხარეებს შორის დიალოგი განახლდება.