
თბილისი ცხინვალთან პოლიციელების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
ქართული მხარე მოლაპარაკებებს მართავს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორი ქართველი პოლიციელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც 20 იანვარს გამთენიისას გაიტაცეს და ამ დრომდე ცხინვალში იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ოსური მხარე ქართველი პოლიციელების მიერ 19 იანვარს დაპატიმრებული ოლეგ პუხაევის გათავისუფლებას მოითხოვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოლეგ პუხაევი გასული წლის თებერვალში კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში ჩადენილი მკვლელობის გამო იძებნებოდა.
ქართული მხარე უარს აცხადებს დაკავებულთა გაცვლაზე და ქართველი პოლიციელების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ქართული მედიის ცნობით, პოლიციელები სწორედ ოლეგ პუხაევის ნათესავებმა გაიტაცეს.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა 19 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში დაგმო ოლეგ პუხაევის დაპატიმრების ფაქტი და მას “პროვოკაცია” უწოდა.