ახალი ამბები

ცხინვალი ყოფილი რუსი სახელმწიფო მოხელის უშიშროების კომიტეტის უფროსად დანიშვნას ადასტურებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა 19 იანვარს დაადასტურა დე ფაქტო ხელისუფლებაში რუსეთის მოქალაქის ანატოლი იაროვოის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის ფაქტი.


17 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო მორდოვის ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სამმართველოს ყოფილი უფროსის ანატოლი იაროვოის ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაში დანიშვნა. “ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ჩარევა [რუსეთისა საქართველოს საშინაო საქმეებში]”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო თბილისის პროტესტი, როგორც “სამხრეთ ოსეთის სუვერენული რესპუბლიკის საშინაო საქმეებში ჩარევა”.


“ჩვენ არ გაგვიპროტესტებია, როცა მეზობელი საქართველოს მთავრობაში საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეები დაინიშნენ”, აცხადებს სააგენტო “რეგნუმი”  ჯიოევის სიტყვებზე დაყრდნობით, გულისხმობს რა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ქართულთან ერთად საფრანგეთის პასპორტიც შეინარჩუნა და სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძეს.


“მეორეს მხრივ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 90%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთის მოქალაქეები არიან სამხრეთ ოსეთის მთავრობაში”, დასძენს მურად ჯიოევი.

Back to top button