ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველო უცხოურ სამხედრო ბაზებს არ უმასპინძლებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაზეთ “Аргументы и факты”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო არ განალაგებს მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზებს თავის ტერიტორიაზე; თუმცა, მისი თქმით, ამ პოზიციის ფორმულირება გაჭირდება საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო ხელშეკრულების პროექტში, როგორც ამას მოსკოვი მოითხოვს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობა ჩიხში შევიდა, რადგანაც “საქართველო უარს აცხადებს შეიტანოს ხელშეკრულებაში დებულება, რომელიც კრძალავს მესამე ქვეყნის სამხედრო ძალის განთავსებას ქვეყნის ტერიტორიაზე და მათთვის სამხედრო ინფრასტრუქტურის შეთავაზებას”.


“ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველოში უცხოური სამხედრო ბაზები არ განთავსდება, მაგრამ იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით რთულია ამ დებულების ხელშეკრულებაში ასახვა. ძალიან ძნელია ისეთი ფორმულირების მოძებნა, სადაც [რუსეთის] ეს მოთხოვნა აისახება და ამავე დროს არ იქნება საქართველოს სუვერენიტეტი შელახული”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, უცხოური სამხედრო ბაზები ნიშნავს “იყო დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე”, მაგრამ “დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს ისეთი არმიის შექმნას, რომელიც შეუძლებელს გახდის ვინმეზე დამოკიდებულებას”,  დასძენს პრეზიდენტი სააკაშვილი.


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს 15 ათას კაციანი ძლიერი არმია ეყოლება. “ოთხი ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიწვრთნება, რაც ჯამში 12 000 ჯარისკაცს შეადგენს. ამას დაემატება საზღვაო და საჰაერო ძალები აღჭურვილი 5 თვითმფრინავითა და 12 ვერტმფრენით”, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

Back to top button