ახალი ამბები

სააკაშვილი ცხინვალს სამშვიდობო წინადადებებით მიმართავს

19 იანვარს გაზეთ “Аргументы и факты”-სთვის  მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 21 იანვარს იგი მიმართავს ოს ხალხს და გააცნობს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გადაწყვეტის სამშვიდობო გეგმას.


“ეს იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის უპრეცედენტო წინადადება, რომელზეც ვიმედოვნებ, რომ უარს არ იტყვიან”, განაცხადა სააკაშვილმა.


“მე შევთავაზე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზ და ოს კოლეგებთან თანამშრომლობით ფედერალურ ურთიერთობების საფუძველზე სამშვიდობო გეგმის მომზადება. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ საქმეს თავს მთავრობაზე უკეთ გაართმევენ, რადგანაც ხელისუფლება ვერასოდეს იქნება ისეთი გაბედული, როგორიც არასამთავრობო ორგანიზაციები არიან”, დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის სამშვიდობო გეგმებზე საუბარს 26 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე აპირებს.

Back to top button