ახალი ამბები

რუსი დეპუტატები ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის შეფასებებს იზიარებენ

რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კოკოშინმა 18 იანვარს “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ სათათბირო მეტწილად იზიარებს ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ შეფასებებს, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით.


“მონიტორინგის ჯგუფის მოხსენების დებულებები შეესაბამება რუს პარლამენტართა დაკვირვებასა და შეფასებას, განსაკუთრებით აჭარასთან მიმართებაში, სადაც სათანადოდ არ არის რეალიზებული ავტონომიის სტატუსი”, განაცხადა ანდრეი კოკოშინმა.


კოკოშინის განცხადებით, აჭარის ავტონომიის საკითხი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს უფლება აირჩიოს რეგიონული ხელმძღვანელები, “ძალიან დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო საზოგადოების შეფასებაში, თუ რამდენად არის საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მზად სხვა ანალოგიური პრობლემების გადასაჭრელად”, დასძენს კოკოშინი.


მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იანვრის ბოლოს განიხილავს, ნათქვამია, რომ საქართველომ “დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს აჭარის ავტონომიის სტატუსს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად”.


საქართველოს პარლამენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონი, რომელიც ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებებს მიჯნავს, გასული წლის ივლისში დაამტკიცა.


 

Back to top button