ახალი ამბები

მაგისტრალური გაზსადენის საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველო-აზერბაიჯანის მაგისტრალურ გაზსადენზე გასული წლის ოქტომბერში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 2 კმ-იან მონაკვეთზე გაზსადენი მილების გამოსაცვლელად ბიუჯეტმა 1 მლნ ლარი გაიღო.
 
“ამ მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით აზერბაიჯანიდან 800 ათასი კუბამეტრი გაზის მიღებაა შესაძლებელი, რაც საქართველოს მთელი რიგი რეგიონების გაზმომარაგებისთვის საკმარისია“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა დავით ინგოროყვამ და დასძინა, რომ საქართველო იწყებს ბუნებრივი აირით მომარაგების ალტერნატიული გზების  ძიებას.
 
ამავდროულად ირანის მთავრობასთან  მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაახლეობით 2,5 მლნ დოლარის ოდენობით გრანტის გამოყოფის შესახებ, რაც ამ გაზსადენის მთლიან რეაბილიტაციას მოხმარდება. ეს შესაძლებელს გახდის ირანიდან საქართველოს გავლით დაახლოებით 3 მლრდ კუბამეტრი გაზის გატარებას.
 
საქართველო აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს ამ გაზსადენით გასულ წლებში იღებდა, სანამ  საქართველში საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერა“ შემოვიდოდა. ამჟამად ბუნებრივი აირით რეგიონებს “იტერა“, თბილისს“ კი რუსული კომპანია “გაზპრომი“ ამარაგებს.
 
გაზმომარაგების ალტერნატიული გზების მოძიება პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ენერგეტიკის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს 12 იანვარს დაავალა და განაცხადა, რომ ქვეყანა გაზით მხოლოდ ერთი წყაროდან არ უნდა მარაგდებოდეს.

Back to top button