ახალი ამბები

აფხაზეთის ახალი ლიდერი მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებს აპირებს

ბაღაფშის სურვილია თბილისმა “შეუვალი პოზიცია” დათმოს


თვითგამოცხადებული აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერგეი ბაღაფში არაღიარებული რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტად 14 იანვარს გამოაცხადა.


ოფიციალური მონაცემებით, ბაღაფშმა ამომრჩეველთა 91.54%-ის მხარდაჭერა მოიპოვა მაშინ, როცა მისმა ოპონენტმა იაკუბ ლაკობამ 4.7%  მიიღო. ორივე კანდიდატის წინააღმდეგ ამომრჩეველთა 1%-მა მისცა ხმა.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის კონსტიტუციის მიხედვით ინაუგურაცია არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა გაიმართოს


12 იანვარს გამართული არჩევნები იყო მეორე მცდელობა მას შემდეგ, რაც გასული წლის 3 ოქტომბრის არჩევნებმა, რომელსაც ორთვიანი კრიზისი მოჰყვა, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახალი ლიდერი ვერ გამოავლინა.


ძალაუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, რომლითაც გასული წლის დეკემბერში ორთვიანი კრიზისი დასრულდა, ბაღაფშის ყოფილი მეტოქე რაულ ხაჯიმბა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. სერგეი ბაღაფშმა 13 იანვარს განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი კოორდინაციას გაუწევს თავდაცვის, უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკას.


სერგეი ბაღაფშმა 13 იანვარს ასევე დაასახელა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი ახლო მოკავშირის ალექსანდრე ანქვაბის კანდიდატურა. ანქვაბი გავლენიანი პოლიტიკური პარტიის “აიტაირას” ლიდერია. იგი ასევე ცნობილია კრიტიკული დამოკიდებულებით მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბასა და მისი გარემოცვის მიმართ.


ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა “პროფესიონალებით” დაკომპლექტდება. “კაბინეტის ფორმირებას ეროვნული თანხმობის ნიშნით ვაპირებ”, დასძენს ბაღაფში.


თვითაღიარებული აფხაზეთის ახალი ლიდერი, რომელიც პირველ დე ფაქტო პრეზიდენტს ვლადისლავ არძინბას შეცვლის, მოსკოვთან ახლო ურთიერთობების დამყარებას აპირებს.


14 იანვარს სააგენტო “რია ნოვოსტი” სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აფხაზეთის პრიორიტეტი “რუსეთთან ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება, [აფხაზეთში] რუსული ინვესტიციების გაზრდა და [რუსეთთან] საზღვრების გახსნა” იქნება.

მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზური კანონმდებლობა “რუსეთის კანონმდებლობასთან იქნება უნიფიცირებული”.


ბაღაფში ასევე გამოხატავს მზადყოფნას ქართულ მხარესთან აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, თუმცა დასძენს, რომ “დიალოგი მხოლოდ მხარეთა თანაბარუფლებიანობის პრინციპზე უნდა წარიმართოს”.


“თუ თბილისი კონფლიქტის მოგვარების სერიოზულ წინადადებებს შემოგვთავაზებს, ჩვენ მზად ვართ მათი განხილვისთვის. მაგრამ, თუ თბილისს მკაცრი პოზიცია ექნება, ეს დიალოგს ხელს არ შეუწყობს”, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხდა, რომ თბილისი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო წინადადებებს იანვარში წარმოადგენს. 

Back to top button