ახალი ამბები

სომხეთი სატრანსპორტო სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას პროგრესულს უწოდებს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში, რომელშიც აღწერილია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიმართულებები 2004 წელს, ნათქვამია, რომ სატრანსპორტო თანამშრომლობის სფეროში მიღწეული პროგრესი გასული წლის მთავარი შედეგია სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში, იუწყება “რია ნოვოსტი”.


მოხსენებაში ხაზგასმულია სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის სამმხრივი შეთანხმების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც ფოთის პორტსა და რუსეთის პორტ კავკაზს შორის საბორნე-სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას მიმდინარე წლის იანვრიდან ითვალისწინებს. ეს მარშრუტი ნაწილობრივ ჩაანაცვლებს აქამდე მოქმედ საბორნე მომსახურებას ფოთსა და უკრაინის პორტ ილიჩევსკს შორის, რომლის საშუალებითაც აქამდე რუსეთისკენ მიმავალი ტვირთების ტრანსპორტირებაც ხდებოდა.


სომხეთი რუსეთთან ამ პირდაპირი კავშირის დამყარებით სარგებელს ელის. მოსალოდნელია, რომ ახალი საბორნე-სარკინიგზო მარშრუტი სომხეთიდან რუსეთში ტვირთების ტრანსპორტირების ფასს 30%-ით შეამცირებს.

Back to top button