ახალი ამბები

ეუთოს ახალი თავმჯდომარე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ორგანიზაციის გეგმებზე საუბრობს

ეუთოს  მოქმედი თავმჯდომარე სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი რუპელი 13 იანვარს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოსადმი მიმართვაში აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხი ეუთოს დღის წესრიგში ერთ-ერთ პირველ ადგილს დაიკავებს. მისივე განცხადებით, ეუთო კვლავაც შეიტანს თავის წვლილს გაეროს ეგიდით მიმდინარე ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პროცესში.


“სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხი ერთ-ერთ პირველ ადგილს დაიკავებს ჩვენს დღის წესრიგში. ეუთოს მანდატი აღიარებულია. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ პოლიტიკური პროცესების წახალისებასა და მხარეებს შორის შეთანხმებული დემილიტარიზაციის პროცესის მხარდაჭერას. ნდობის აღდგენა და ეკონომიკური რეაბილიტაცია ნაწილია იმ კონკრეტული მიდგომებისა, რამაც განგრძლივ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს საქართველოს ამ პრობლემატურ რეგიონში”, განაცხადა დიმიტრი რუპელმა, რომელიც ეუთოს მიმდინარე წლის 1 იანვრიდან თავმჯდომარეობს. 


“აფხაზეთში კი ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ბიძგს მისცემს მოლაპარაკებებს და ხელს შეუწყობს გაეროსა და ეუთოს ადამიანის უფლებათა ერთობლივი ოფისის გახსნას გალის რაიონში, რომელიც წვლილს შეიტანს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაში”, აცხადებს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე.

Back to top button