ახალი ამბები

ხაინდრავა: აფხაზური არჩევნების შედეგები მოსკოვის გამარჯვებაა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ თვითგამოცხადებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაფასა, როგორც “მოსკოვის გამარჯვება”.


“ის, რომ სერგეი ბაღაფშმა მოიგო არჩევნები, სწორი არ არის, რადგან ეს არჩევნები მოიგო მოსკოვმა… მოსკოვმა ფაქტიურად მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია სოხუმში, რაც ანექსიის ტოლფასია და ამდენად, ძალიან ძნელია იმის გამოცნობა, თუ როგორ განვითარდება პროცესები აფხაზეთში”, განუცხადა გოგა ხაინდრავამ 13 იანვარს ჟურნალისტებს.


12 იანვრის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით სერგეი ბაღაფშმა ხმათა 90%-ზე მეტი მიიღო. აფხაზური ცსკ-ო საბოლოო შედეგებს 14 იანვარს დაგეგმილ სხდომაზე გამოაცხადებს, იუწყება სააგენტო “ინტეფაქსი”.


პრეზიდენტად გახდომის შემდეგ სერგეი ბაღაფშს ძალაუფლების გაყოფა ყოფილ მეტოქესთან რაულ ხაჯიმბასთან მოუწევს, რომელიც ფართო უფლებების მქონე ვიცე-პრეზიდენტი გახდება. არადა ბაღაფშისა და ხაჯიმბას საპრეზიდენტო პაექრობამ გასული წლის 3 ოქტომბერს არჩევნების პირველი მცდელობის შემდეგ ორთვიანი კრიზისი გამოიწვია რეგიონში.

Back to top button