
რუსეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი, რომელმაც მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსი დეპუტატები, რომლებიც 12 იანვარს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, იქ “არაფორმალურად იმყოფებოდნენ”.
“აფხაზეთის არჩევნებზე სათათბიროს ოფიციალური დელეგაცია არ ყოფილა. დამკვირვებლები, მათ შორის [ვიცე-სპიკერი სერგეი] ბაბურინი იქ კერძო პირების რანგში იმყოფებოდნენ”, განუცხადა ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებს.
ჩხიკვიშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან, “მითუმეტეს ოფიციალურად”, სეპარატისტების მხარდამჭერი განცხადებები არ გაკეთებულა.
მას შემდეგ, რაც აფხაზეთში მყოფმა რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერმა სერგეი ბაბურინმა განაცხადა, რომ “აფხაზეთი საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს”, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 იანვარს მკვეთრი განცხადებით გააკრიტიკა რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის და მისი ტერიტორიული მთლიანობის შემლახავი განცხადებების გამო.