
სააკაშვილი რუსეთთან და სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობებზე საუბრობს
რუსულ გაზეთ “ნეზავისიმაია გაზეტა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და საქართველო ჩარჩო ხელშეკრულებას 2005 წლის ბოლოსთვის მოაწერენ ხელს.
“ამჟამად ვმუშაობთ ჩარჩო ხელშეკრულებაზე. თებერვალში თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს ველოდებით. ვფიქრობ, შევძლებთ ამ ხელშეკრულების პარაფირებას. იმედი მაქვს, რომ ამ ხელშეკრულებას წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად მოვაწერ ხელს. ჩემი დიდი ხნის სურვილია, რომ ის [ვლადიმერ პუტინი] საქართველოში ჩამოვიდეს. იგი აქ ყოველთვის სასურველი სტუმარია“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, მას პუტინთან “პირადი პრობლემები“ არ აქვს . “მასთან თავს ძალიან კონფორტულად ვგრძნობ“, დასძენს სააკაშვილი.
მისი თქმით, სამწუხაროდ რუს პოლიტიკოსებში “პარანოიდული განწყობა“ ჭარბობს, “თითქოს რუსეთს ყველა მხრიდან ჩაუსაფრდნენ“.
“სამწუხაროდ, რუსეთს საერთაშორისო არენაზეც აქვს პრობლემები … საქართველო ამ პროცესების ნაწილი გახდა. ჩვენ არ გვინდა დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული დაპირისპირების კომპონენტი გავხდეთ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე და განაცხადა, რომ თბილისი ამ კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს.
“ამ პრობლემების მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური გზითაა შესაძლებელი. ძალისმიერი გზა ყველაზე უარესი საშუალებაა კონფლიქტების მოგვარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაძლიერებთ არმიას, მაგრამ ეს არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც საზოგადოებისა და სახელმწიფოს გაძლიერებას გულისხმობს“, განაცხადა სააკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით “პოზიტიური ტენდენციები“ შეინიშნება; თუმცა აქვე დასძინა, რომ “ისინი [ტენდენციები] კვლავ შორსაა სასურველისგან“.
“იანვარში ჩვენ წარვუდგენთ ოფიციალურ წინადადებებს [კონფლიქტების მოგვარების თაობაზე] სოხუმს და ცხინვალს. ჩვენ არ ველით დაუყონებლივ დადებით პასუხებს დე ფაქტო ხელისუფლთაგან. თუმცა ჩვენ ველოდებით რიგითი მოქალაქეების გამოხმაურებას“, დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.