
ენერგეტიკის მინისტრი გაზის მრეწველობის განვითარების გეგმაზე საუბრობს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან ერთად შეიმუშავა გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ქვეყნის გაზმომარაგებასთან, ტრანსპორტირებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ასპექტებს მოიცავს.
“ეს გეგმა ხვალ [12 იანვარს] მთავრობის სხდომაზე იქნება განხილული. გეგმა განსაზღვრავს ქვეყნის მოთხოვნას გაზმომარაგების სფეროში მომდევნო 15-20 წლის განმავლობაში … და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში გაზის იმპორტის დივერსიფიკაციას [ამჟამად ქვეყანა ძირითადად რუსეთიდან მარაგდება გაზით] “, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრი ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის აქციების გაყიდვას გეგმავს.
“მთავრობას არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება კორპორაციის გაყიდვის თაობაზე. ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე წინადადება, რომლებიც კორპორაციის ეფექტურობის გაზრდას ისახავს მიზნად“, განაცხადა გილაურმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი წინადადება კორპორაციის აქციების გაყიდვას ითვალისწინებს.
“თუმცა არსებობს სხვა გზებიც, მათ შორის, ფინანსური დახმარების მოძიება დონორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან; სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა; ან უცხოური კომპანიისთვის კორპორაციის მართვის უფლებით გადაცემა“, დასძინა ენერგეტიკის მინისტრმა.
საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია 1997 წელს სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა, რომლიც ძირითადი ფუნქციაც ბუნებრივი და თხევადი გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ორგანიზებული ტრანსპორტირების უზრუნველყოფაა.