ახალი ამბები

აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველთა სიებით უკმაყოფილოა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სახალხო პარტიის ლიდერმა იაკუბ ლაკობამ 10 იანვარს განაცხადა, რომ 12 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა ჩაიშალოს ამომრჩეველთა სიებში არსებული დარღვევების გამო, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი”.      


“აფხაზეთში 168 000 კანონიერი ამომრჩეველია. 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს 137 000 ამომრჩეველი იქნა რეგისტრირებული. ახლა, ეს რიცხვი 113 000-მდე შემცირდა.  ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მესამე ამომრჩეველს ხმის უფლება ჩამოერთმევა“, განაცხადა იაკუბ ლაკობამ.


“ხალხი არჩევნებით კი არა, სიცრუით დაიღალა. სწორედ ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ ამომრჩევლები არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, რაც კარგი არ არის, თუმცა ამისათვის ხალხს ვერ დავადანაშაულებთ“, დასძინა ლაკობამ.


ამავდროულად, საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი“ აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ნოდარ ხაშბას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ “არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია”.

Back to top button