
სააკაშვილმა მინისტრები საჯარო დაპირისპირების გამო გააკრიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე დაიბარა და გააფრთხილა ისინი, რომ არ დაუშვებს რაიმე დაპირისპირებას მთავრობის შიგნით.
“არ ვაპირებ შევეგუო დაპირისპირებას მთავრობის წევრებს შორის. ორივე ჩემი მეგობრები ხართ, მაგრამ თუ მომავალში რომელიმე მინისტრს გაუჩნდება ცდუნება, რომ მთავრობის შიგნით ურთიერთობები ჯერ პრეს-კონფერენციებით გაარკვიოთ და შემდეგ საქმიან ვითარებაში, კარი ღიაა და შეგიძლიათ წახვიდეთ, შეუცვლელი არავის არის“, განაცხადა პრეზიდენტმა თავდაცვის და სახელმწიფო მინისტრებთან შეხვედრისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ასევე ესწრებოდა.
4 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი რანგის მოხელე სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელსაც ამჟამად ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უკავია, პრეს-კონფერენცია მოიწვია და ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ “ინტრიგების ხლართვაში“ დაადანაშაულა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ორდღიანი ინციდენტი, რომელიც 6 იანვარს “ამოიწურა”, მისი უკრაინაში წასვლისთანავე დაიწყო. “იმედი მაქვს, ჩემი შემდგომი გამგზავრებისას მსგავსი არ განმეორდება“, დასძინა მან.