
ახალი ამბები
არმიაში სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე გაკეთებულ განცხადებებს მთავრობაში დაპირისპირება მოჰყვა
![]() |
სახელმწიფო მინისტრი ბარამიძე მთავრობაში |
“მე ვხედავ ხელისუფლებაში განხეთქილების შეტანის რეალურ საფრთხეს, რაც არ უნდა დავუშვათ”, განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებზე საპასუხოდ 6 იანვარს სპეციალური პრეს-კონფერენცია მოიწვია.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ორი დღით ადრე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული ვითარება “საგანგაშოა”. მან გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მოსთხოვა რამოდენიმე მაღალჩინოსანის, მათ შორის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, პაატა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ასევე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა დანიშნა. გაფრინდაშვილს ეს თანამდებობა გიორგი ბარამიძის მინისტრობის დროს 2004 წლის ივნის-დეკემბერშიც ეკავა.
პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას გიორგი ბარამიძემ, რომელიც მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც ითავსებს, განაცხადა, რომ ოქრუაშვილმა საზოგადოება “შეცდომაში შეიყვანა” და თავდაცვის მინისტრის მიერ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მოყვანილ მაგალითებს “ტყუილი” უწოდა.
ბარამიძემ ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ “ინტრიგების ხლართვაში” და ხელისუფლებაში “განხეთქილების” შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა.
ქართული მედია საუბრობდა “პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდს”, რომელშიც მოიაზრება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და “პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გუნდს” შორის, სადაც გიორგი ბარამიძე შედის, დაპირისპირების თაობაზე.
“გარკვეული შეუთანხმებლობა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ეს საჯაროდ არასოდეს გამოგვიტანია. ჩვენ ეხლაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელისუფლებაში ერთიანობა შევინარჩუნოთ, რადგან ხელისუფლების გახლეჩა მხოლოდ ჩვენს მტრებს აწყობთ,” განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
“სამწუხაროა, რომ ოქრუაშვილს უნდა წარმოაჩინოს, რომ თავდაცვის სამინისტროში თურმე იმაზე მძიმე მდგომარეობაა ვიდრე რევოლუციამდე. ეს, რბილად რომ ვთქვად, არაკეთილსინდისიერი განცხადებაა. გამოდის რომ, როცა ჯარში მიღწეულ წარმატებებზე საუბრობდნენ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უამრავი კომპეტენტური პირი, მაშინ ისინი ტყუოდნენ”, განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
4 იანვარს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ყოფილი თანამდებობის პირები, მათ შორის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, პასუხისმგებელნი არიან სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე, რამაც მისი თქმით, “ქართული არმია კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააყენა, ვიდრე [ვარდების] რევოლუციამდე იყო“.
სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ჟვანია ადექვატურად შეაფასებენ მთავრობაში შექმნილ სიტუაციას.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყვიტა უკრაინაში ვიზიტი და საქართველოში 6 იანვარს, ერთი დღით ადრე დაბრუნდა. თუმცა, მას რაიმე კომენტარი მინისტრების დაპირისპირების თაობაზე ჯერ არ გაუკეთებია.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ერთადერთი სახელმწიფო მოხელეა, რომელმაც 6 იანვარს ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, “მთავრობაში განხეთქილებას ადგილი არ აქვს“.
მთავრობაში დაწყებულმა კრიზისმა შესაძლოა არმიაში არსებული რეალური სიტუაცია დაჩრდილოს, რომელიც ბარამიძის თქმით “სრულყოფილი არ არის“. არსებული პრობლემების პირველი სერიოზული ნიშანი გახდა დეკემბერში შინაგანი ჯარის 60 სამხედროს გაფიცვა, რომელთაც თვითნებურად დატოვეს სამხედრო ნაწილი და ომბუდსმენის ოფისის წინ სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
4 იანვარს გამართული ბრიფინგის დროს ირაკლი ოქრუაშვილმა არ ისაუბრა ამ ინციდენტის თაობაზე, მაგრამ სავარაუდოდ, სწორედ ამ პროტესტმა აიძულა თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა შიდა მოკვლევა ჩაეტარებინა.
გენერალურმა პროკურატურამ და კონტროლის პალატამ თავდაცვის მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე არმიაში სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ საქმის შესწავლა დაიწყო.
“შესწავლის პროცესი 20 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც დაიწყება გამოძიება, დაიკითხებიან ის პირები, რომლებსაც წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ბრალი მიუძღვით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში,“ განუცხადა გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ცხვედაძემ “სივილ ჯორჯიას“ 5 იანვარს.