
გენერალურმა პროკურატურამ და კონტროლის პალატამ თავდაცვის სფეროში დარღვევების შესწავლა დაიწყო
გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მიერ თავდაცვის სფეროში არსებული ფინანსური დარღვევების შესახებ მოკვლეული დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო. ეს პროცესი 20 დღეში დასრულდება.
გენერალური პროკურატურის პარალელურად თავდაცვის სამინისტრომ დარღვევბის შესახებ დოკუმენტაცია კონტროლის პალატასაც გაუგზავნა.
გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ცხვედაძის ინფორმაციით, 20 დღის შემდეგ დაიწყება გამოძიება, დაიკითხებიან ის პირები, რომლებსაც წარმოდგენლი დოკუმენტაციის მიხედვით ბრალი მიუძღვით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში.
“ამ პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხს გამოძიება დაადგენს“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ხათუნა ცხვედაძემ.
თავდაცვის სფეროში არსებული ფინანსური დარღვევბის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 4 იანვარს სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მან დაასახელა თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის კონკრეტული პირები, რომელთაც წვლილი მიუძღვით სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზე ზედმეტი თანხების ხარჯვაში, ასევე არასაკმარისი და უხარისხო საკვებით მომარაგებაში.
“მინდა ეს პიროვნებები ერთ თვეში ციხეში ვიხილო”, განაცხადა ოქრუაშვილმა 4 იანვარს.