ახალი ამბები

ქართული მედიის ცნობით, აფხაზეთში კრიზისის გამწვავებაა მოსალოდნელი

5 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში გაზეთი “24 საათი“ იუწყება, რომ რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები შეეცდებიან ჩაშალონ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები.


ყოფილი მეტოქეები რაულ ხაჯიმბა და სერგეი ბაღაფში დეკემბერში შეთანხმდნენ, რომ ერთიანი გუნდით მიიღებენ 12 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას – ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, ხაჯიმბა კი – ვიცე-პრეზიდენტად.  


თუმცა, გაზეთ “24 საათის“ ცნობით, შეთანხმება ძალაუფლების გაყოფის თაობაზე “პოლიტიკური წარუმატებლობა“ იყო რაულ ხაჯიმბას ახლო მოკავშირეებისთვის, ისევე როგორც დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბასა და პრემიერ-მინისტრ ნოდარ ხაშბასთვის. “ისინი არ აპირებენ ასე ადვილად შეეგუონ ამ წარუმატებლობას“, აცხადებს გაზეთი.


“ისინი უკვე ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს არჩევნების შედეგების ანულირებისთვის”, ნათქვამია სტატიაში.


გაზეთი არ გამორიცხავს 12 იანვრის არჩევნების შემდეგ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებას, ვიდრე ეს 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა.


 



 

Back to top button