ახალი ამბები

სააკაშვილი და იუშჩენკო ახალ წელს ერთად შეხვდნენ

ახალი წლის მოსვლიდან ცოტა ხანში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო კიევში თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად.


საქართველოს ტელევიზიით გადაიცა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა უკრაინის მოსახლეობისადმი უკრაინულ ენაზე. “[ნარინჯისფერი] რევოლუციის დროს მე არ შემეძლო ოფიციალურად მხარი დამეჭირა თქვენთვის, თუმცა მე თქვენთან ვიყავი და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ კიევში ვცხოვრობ“, განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტი კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა.


სააკაშვილის თქმით, “ამ მოედანზე წყდება ევროპის მომავალი“. ქართული მედიის ცნობით, ვიქტორ იუშენკომ და მიხეილ სააკაშვილმა 1 იანვარს არაოფიციალური შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რუსეთთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.


29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა უკრაინაში  განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ “უკრაინის რევოლუციამ ჩვენ გეოპოლიტიკური რევოლუცია მოგვიტანა”.
 
მისი თქმით, შარშანდელი “ვარდების რევოლუცია” ისეთივე დიდი ყურადღების საგანი არ იქნებოდა, “რომ არა ის მოვლენები, რაც უკრაინაში განვითარდა”.
 
“უკრაინის რევოლუციისთვის ჩვენი ფაქტორი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო… ამასთან საქართველო აღარ არის იზოლირებული – [რეგიონში] განჩნდა სახელმწიფო, რომელიც [საქართველოს მსგავსად] ევროინტეგრაციის გზით მიდის“, განაცხადა სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა კივიდან ახალი წელი ქართველ ერსაც მიულოცა. მან ხაზი გაუსვა, რომ 2004 წელი უდიდესი წარმატების წელი იყო საქართველოსთვის.  


 

Back to top button