skip to content
ახალი ამბები

გაფიცული ჯარისკაცები ისევ მუხროვანის ბატალიონში დააბრუნეს

მუხროვანის ბრიგადიდან 20 დეკემბერს “სოციალური პირობების გაუმჯობესების“ მოთხოვნით თვითნებურად წამოსულ შინაგანი ჯარის ჯარისკაცთა უმეტესობა კვლავ მუხროვანში დააბრუნეს.
 
სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, 40-მდე ჯარისკაცი ისევ მუხროვანში დააბრუნეს, ხოლო 20 თელავის სამხედრო ბაზაზე იმყოფება.
 
“ამჟამად, შეიძლება ითქვას, რომ ჯარისკაცების მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. სახალხო დამცველის ოფისი ზრუნავს, რომ დაცული იყოს ჯარისკაცთა უფლებები“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელმა ვალერი ძველაიამ.
 
მისი თქმით, “პრობლემა შინაგანი ჯარის მუხროვანის ნაწილში იმანაც წარმოშვა”, რომ შსს-ს დაქვემდებარებული მუხროვანის ბატალიონი ძალოვან სტრუქტურების რეორგანიზაციის შედეგად თავდაცვის სამინისტროს გადაეცა.
 
ამჟამად, გრძელდება მუხროვანის ინციდენტის გამოძიება, რომელიც, სავარაუდოდ, იანვრის პირველ ნახევარში დასრულდება.
 
60 ჯარისკაცის მიერ მუხროვანის ბრიგადის თვითნებურად დატოვება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მკაცრად შეაფასეს და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.

Back to top button