ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი 2004 წლის საგარეო პოლიტიკურ შედეგებს აჯამებს

საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დიპლომატიური კორპუსისადმი თავის მიმართვაში აჯამებს იმ “დიდ ცვლილებებს”, რომელსაც საქართველომ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით 2004 წელს მიაღწია.


“ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვა, ჩრდილოეთ-ატლანტიკურ საბჭოზე ნატო-სთან საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის დამტკიცება, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენლისა და მეკავშირე ოფიცრის დანიშვნა და ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის ვიზიტი საქართველოში, ნათელი დასტურია ამ წარმატებებისა”, ნათქვამია ქვეყნის პირველი დიპლომატის მიმართვაში, რომელსაც საგარეო უწყება 30 დეკემბერს ავრცელებს.
 
ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხარისხობრივად ახალ ეტაპზე ავიდა. კიდევ უფრო გააქტიურდა საქართველოს მონაწილეობა ანტიტერორისტულ კოალიციაში.


“საქართველოს ხელისუფლების აქტიური კოორდინაციის შედეგად 2004 წელს საქართველო მიიღეს ათასწლეულის გამოწვევის ანგარიშის წევრ ქვეყნად”, აღნიშნავს მინისტრი.


თუმცა ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, “სამწუხაროდ” ვერ დარეგულირდა ურთიერთობები რუსეთთან, “მოუგვარებელი რჩება რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხებისა, რაც კვლავაც 2005 წლის პრიორიტეტად რჩება”.
 
“ჩვენ ველოდებით დამდეგი წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ ლავროვის ვიზიტს საქართველოში, რომელმაც ახალი იმპულსი უნდა მისცეს კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას ჩვენს ორ ქვეყანას შორის”, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
 
გასული წელი [2004] გამოირჩევა ასევე სამინისტროში ჩატარებული სტრუქტურული რეფორმებით და მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ღონისძიებებით. ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ცენტრალური აპარატის თანამშრომლებმა გაიარეს ატესტაცია, 15 დეკემბერს დაიწყო და უკვე დასრულდა ღია კონკურსი გამოცხადებულ 82 ვაკანსიაზე.
 
ჩატარდა ასევე სავიზო-საკონსულო რეფორმაც. კერძოდ, შემცირდა ვიზის ღირებულება, გამარტივდა მისი აღების პროცედურა, დამატებით გაიხსნა საკონსულო-სავიზო პუნქტები პორტებსა და აეროპორტებში.
 
“ეს ყველაფერი, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც წინ გველოდება”, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი/Related

Back to top button