skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი 2004 წელს წარმატებულს უწოდებს და ნაკლოვანებებზე საუბრისგან თავს იკავებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს “საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული წელი“ უწოდა, თუმცა, ნაკლოვანებებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
 
მისი განცხადებით, 2004 წელს ყველაზე წარმატებულად აჭარის მოვლენები შეიძლება ჩაითვალოს.
 
სააკაშვილის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ შეძლო აჭარის საკითხი სისხლისღვრის გარეშე მოეგვარებინა, როცა მოხერხდა აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის მშვიდობიანი გზით გადაყენება.
 
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები. მან ეს საკითხი უკრაინაში მიმდინარე პროცესებსაც დაუკავშირა და განაცხადა, რომ “უკრაინის რევოლუციამ ჩვენ გეოპოლიტიკური რევოლუცია მოგვიტანა”.
 
მისი თქმით, შარშანდელი “ვარდების რევოლუცია” ისეთივე დიდი ყურადღების საგანი არ იქნებოდა, “რომ არა ის მოვლენები, რაც უკრაინაში განვითარდა”.
 
“უკრაინის რევოლუციისთვის ჩვენი ფაქტორი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო… ამასთან საქართველო აღარ არის იზოლირებული – [რეგიონში] განჩნდა სახელმწიფო, რომელიც [საქართველოს მსგავსად] ევროინტეგრაციის გზით მიდის“, განაცხადა სააკაშვილმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკაზეც შეაჩერა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში შესაძლებელი გახდა საბიუჯეტო პარამეტრების გაზრდა. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო ახალი, ლიბერალური საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონის მიღება.
 
პრეზიდენტის თქმით, ამ ერთ წელიწადში ხელისუფლებამ “სახელმწიფოებრივი შეგნებისა“ და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება შეძლო.
 
პრეზიდენტმა თავის უახლოეს მოკავშირეებზეც ისაუბრა და წლის საუკეთესო პარტნიორებად პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დაასახელა.
 
“ყველა  ამბობდა, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირდებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ შევძელით პარტიების [ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატები] გაერთიანება და ერთი გუნდის ჩამოყალიბება”, დასძინა პრეზიდენტმა. 
 
მომავალ გეგმებზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ უფრო ბევრია გასაკეთებელი”. ამასთან, მთავარი აქცენტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე კეთდება.
 
მომავალ გეგმებში შედის ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება. “საქართველოს ეკონომიკის განვითარება სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა დამყარებული. საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის განვითრება”, დასძინა სააკაშვილმა.
 
“ყველაფერი ასე უცბად, ხუთ თვეში არ კეთდება, არადა მეც მეგონა, რომ უფრო სწრაფად შეიძლებოდა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ არ გამოდის, რადგანაც ყველაფერზე დროა საჭირო. თუმცა მე ამას კონსტიტუციით მონიჭებულ [საპრეზიდენტო] ვადაში გავაკეთებ”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტს ასევე სთხოვეს ესაუბრა წლის წარუმატებელ მოვლენებზეც, თუმცა მან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ არ სურს ამაზე ყურადღების შეჩერება.
 
თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც “ახალი მემარჯვენეები-მრეწველების“ კოალიციას, რესპუბლიკურ პარტიას და ახლადშექმნილ კონსერვატორულ პარტიით არის წარმოდგენილი, მთავრობის წარუმატებლობაზე ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცევბის დროს ალაპარაკდა.
 
ოპოზიციამ მთავრობა ადამიანთა უფლებების ფაქტების ზრდის, თავისუფალი მედიის შეზღუდვის, სასამართლო სისტემაზე ზეწოლის და სამხრეთ ოსეთში აგვისტოში წამოწყებული “წარუმატებელი” კამპანიის გამო გააკრიტიკა, რასაც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის შეტაკებები მოჰყვა.
 
29 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ოპოზიცია იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი მხოლოდ მთავრობის წარუმატებლობაზე აკეთებენ აქცენტს, ხოლო მიღწევებზე არაფერს ამბობენ.
 
მისი თქმით, ოპოზიცია უფრო პოპულარული იქნებოდა, მთავრობის მიღწევებზეც რომ ამახვილებდეს ყურადღებას.
 
“დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლების ყველა ქმედებას აკრიტიკებს, რის გამოც ისინი საზოგადოებაში პოპულარულები არ არიან. მეც ვიყავი ოპოზიციაში და ვიცი, როგორ უნდა მოიპოვო პოპულარობა. მე მათ არ ვაძლევ პოპულარობის რეცეპტს, რადგან ეს მე არ მაწყობს“, დასძინა პრეზიდენტმა.


 


Back to top button