
საზღვაო სანაოსნოთი ექვსი კომპანია დაინტერესდა
მას შემდეგ, რაც ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ “საზღვაო სანაოსნოს“ პრივატიზების ვადა 27 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გადაწია, სანაოსნოს შესყიდვის სურვილი ექვსმა უცხოურმა კომპანიამ გამოთქვა.
მათ შორისაა – გერმანული Schoeller Holdings Ltd, ბრიტანული კომპანია Aquamarine Shipping Consultants, ავსტრალიური ASP Ship Management Pty Ltd, იტალიური “კო არმა“, თურქული “კოირია“ და Greenoak Group. ამ უკანასკნელმა საქართველოს მთავრობასთან 17 დეკემბერს ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას, რომლის მიხედვით კომპანია “საზღვაო სანაოსნოში“ 107 მლნ დოლარს იხდის.
ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, ამ დროისთვის სანაოსნოს შესყიდვით დაინტერესებული კომპანიები კონკრეტულ თანხებს არ ასახელებენ. “გარდა გრინოუქისა და ბრიტანული კომპანია “აქვამარინის“, რომელმაც საწყის ფასად 61 მლნ დოლარი დაასახელა”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ნათია თურნავამ.
27 დეკემბერს ბრიტანულმა კომპანია Marine Capital Limited გაავრცელა პრეს–რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ “საზღვაო სანაოსნოს“ შესყიდვით ეს კომპანიაც არის დაინტერესებული. თუმცა Marine Capital Limited–ის განაცხადის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში ინფორმაციას არ ფლობენ.