
თურქეთი საქართველოსთან რკინიგზის მშენებლობისთვის 200 მლნ დოლარს გაიღებს
საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 29 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სარკინიგზო გზის მშენებლობას, რომელიც ახალქალაქს თურქეთის ქალაქ ყარსს დაუკავშირებს, 200 მლნ აშშ დოლარი სჭირდება.
“თურქულმა მხარემ უკვე გამოყო სახსრები ამ პროექტისათვის. დამატებით 160 მლნ დასჭირდება თბილისი-ახალქალაქის სარკინიგოზო მაგისტრალის შეკეთებას, რის მოძიებასაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შევეცდებით”, განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრთან ბინალი ილდირიმთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
ამ პროექტით ასევე დაინტერესებულია აზერბაიჯანი, რომელიც საქართველოს მეშვეობით თავის სტრატეგიულ პარტნიორს – თურქეთს რკინიგზით დაუკავშირდება.
ქართულმა, თურქულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა 29 დეკემბერს პროექტის დაწყების შესახებ ერთობლივ ოქმს მოაწერეს ხელი.
ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მშენებლობის იდეა რვა წლის წინ გაჩნდა.