skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი 2004 წელს წარმატებულს უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე 2004 წლის მოვლენები შეაფასა და მას “საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული“ უწოდა. 
 
“ღმერთმა ქნას, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იყოს. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ასეც იქნება. ჩემი ყველა სურვილი, რაც გასულ წელს ჩავიფიქრე ამიხდა, ამიტომაც ახლა გაცილებით უფრო მეტს ჩავიფიქრებ”, განაცხადა 2004 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტი 2004 წელს ყველაზე წარმატებულად აჭარის მოვლენებს მიიჩნევს. 
 
“მთავარი იყო, რომ აჭარა აბაშიძეს [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური] არ დავუთმეთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქმე ბოლომდე მიგვეყვანა და აჭარაზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი აღგვედგინა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ “რაც მთავარია ეს უსისხლოდ მოხდა”.
 
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ 2004 წელს საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები. მან ეს საკითხი უკრაინაში მიმდინარე პროცესებსაც დაუკავშირა და განაცხადა, რომ “უკრაინის რევოლუციამ ჩვენ გეოპოლიტიკური რევოლუცია მოგვიტანა”.


მისი თქმით, შარშანდელი “ვარდების რევოლუცია” ისეთივე დიდი ყურადღების საგანი არ იქნებოდა, “რომ არა ის მოვლენები, რაც უკრაინაში განვითარდა”.


“უკრაინის რევოლუციისთვის ჩვენი ფაქტორი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო… ამასთან საქართველო აღარ არის იზოლირებული – [რეგიონში] განჩნდა სახელმწიფო, რომელიც [საქართველოს მსგავსად] ევროინტეგრაციის გზით მიდის“, განაცხადა სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტი წარმატებულად მიიჩნევს ასევე იმას, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში შესაძლებელი გახდა საბიუჯეტო პარამეტრების გაზრდა. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო ახალი, ლიბერალური საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონის მიღება.
 
პრეზიდენტის თქმით, ამ ერთ წელიწადში ხელისუფლებამ “სახელმწიფოებრივი შეგნებისა“ და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება შეძლო.
 
პრეზიდენტმა წლის საუკეთესო პარტნიორებად პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დაასახელა.


“ყველა  ამბობდა, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირდებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ შევძელით პარტიების [ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატები] გაერთიანება და ერთი გუნდის ჩამოყალიბება”, დასძინა პრეზიდენტმა.  


2005 წელზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ უფრო ბევრია გასაკეთებელი”. ამასთან, მთავარი აქცენტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე კეთდება.
 
მომავალ გეგმებში შედის ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება. “საქართველოს ეკონომიკის განვითარება სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა დამყარებული. საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის განვითრება”, დასძინა სააკაშვილმა. 
 
“ყველაფერი ასე უცბად, ხუთ თვეში არ კეთდება, არადა მეც მეგონა, რომ უფრო სწრაფად შეიძლებოდა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ არ გამოდის, რადგანაც ყველაფერზე დროა საჭირო. თუმცა მე ამას კონსტიტუციით მონიჭებულ [საპრეზიდენტო] ვადაში გავაკეთებ”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Back to top button