ახალი ამბები

ბაღაფში: ვინც შეეცდება არჩევნების ჩაშლას მკაცრად დაისჯება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ გარკვეული ჯგუფები 12 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას შეეცდებიან. ბაღაფშის თქმით, მას ამის უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია.
 
“ყველა, ვინც 12 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას შეეცდება, მკაცრად აგებს პასუხს“, იტყობინება “აფსნიპრესი” სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
 
ბაღაფში აცხადებს, რომ მან რაულ ხაჯიმბასთან ერთად, რომელიც ვიცე-პრეზიდენტად იყრის კენჭს, ყველაფერი გააკეთა პოსტ-საარჩევნო კრიზისის დარეგულირების თვალსაზრისით და მზადაა  “სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ყველაფერზე უარი თქვას“.


ეს განცხადებები ბაღაფშმა აფხაზურ ინტელიგენციასთან შეხვედრისას გააკეთა, რომელსაც მისი ყოფილი კონკურენტი და ამჟამად პარტნიორი რაულ ხაჯიმბაც ესწრებოდა.
 
“საჭიროა შეიქმნას ყველა პირობა, რათა ამომრჩეველმა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და საკუთარი ნება დააფიქსიროს”, აცხადებს ხაჯიმბა. 

Back to top button