
პარლამენტმა 2005 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 141 ხმით 12-ის წინააღმდეგ ერთი მოსმენით დაამტკიცა 2005 წლის ბიუჯეტის კანონი, რომელიც თავისი სიდიდით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა.
ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის “მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენლებმა.
ამასთან, პარლამენტმა კენჭი უყარა ბიუჯეტიდან გამომდინარე ათეულობით კანონპროექტს.
2005 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1.9 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 2.2 მლრდ ლარს შეადგენს. ამასთან დეფიციტის შევსების წყარო 314.9 მლნ ლარით არის განსაზღვრული. გრანტების სახით ბიუჯეტში 134.4 მლნ ლარია გათვალისწინებული.
მომავალი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6% უნდა შეადგინოს, ხოლო ლარის საშუალო გაცვლითმა კურსმა – 1.8 ლარი ერთ აშშ დოლართან მიმართებაში.
ბიუჯეტის პროექტით მთავარი პრიორიტეტი თავდაცვისა და სოციალური სფეროები იქნება. ყურადღება მიექცევა ასევე ინფრასტრუქტურისა და ენერგოსისტემის განვითარებას და გზების მშენებლობას.
თავდაცვის სამინისტროს 126 მლნ ლარი გამოეყოფა, თუმცა მთავრობის განცხადებით, მომავალი წლის განმავლობაში პრივატიზაციიდან შემოსული დამატებითი თანხები “თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ქართული ჯარის მშენებლობას მოხმარდება”.
მომავალი წლის პირველი 6 თვის მანძილზე დაიფარება 150 მლნ ლარის ოდენობის შიდა ვალი, რაც გაყინული ხელფასების და პენსიების დარიგებას მოხმარდება.
ამას გარდა გათვალისწინებულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა პენსიების გაორმაგება, რომელიც 28 ლარი გახდება, ასევე მინიმალური ხელფასის 115 ლართან გათანაბრება (თუმცა ეს არ გავრცელდება ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანზებაზე მყოფ სახელმწიფო ორგანიზაციებზე) და სიღარიბის დაძლევის პროგრამის ამოქმედება.
მომავალ წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – 31.8 მლნ ლარით; იუსტიციის სამინისტრო – 40.5 მლნ ლარით; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 129.2 მლნ ლარით; სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო – 26.6 მლნ ლარით; ფინანსთა სამინისტრო –755,6 მლნ ლარით; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 558.4 მლნ ლარით; ენერგეტიკის სამინისტრო – 119.5 მლნ ლარით; ეკონომიკური განვითარების სამინისტრო – 95,3 მლნ ლარით; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 69.3 მლნ ლარით; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო- 60.2 მლნ ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 119.5 მლნ ლარით; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო – 25.5 მლნ ლარით და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 34.0 მლნ ლარით დაფინანსდება.