
ჩოჩიევი შიდა ქართლის გუბერნატორს უპირისპირდება
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა დღეს ქართველი სამართალდამცავები და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი ოსი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა, განგებ დაკავებაში დაადანაშაულა.
ბორის ჩოჩიევმა მიხეილ ქარელს პროვოკატორი უწოდა და განაცხადა, რომ “ასეთ ვითარებაში შესაძლოა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ცხინვალში ვიზიტი [30 დეკემბერს] არ შედგეს, იგი [ჟვანია] თავად იტყვის ვიზიტზე უარს”, განუცხადა ბორის ჩოჩიევმა დღეს ჟურნალისტებს.
ბორის ჩოჩიევის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს მიხეილ ქარელი და აცხადებს, რომ უცხო ქვეყნიდან შემოსულმა ტვირთებმა შესაბამისი რეგისტრაცია უნდა გაიაროს, “რუსეთიდან შემოსული ეს ტვირთი კი კონტრაბანდულია“.
“ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო არის სახელმწიფო და ყველამ უნდა დაიცვას მოქმედი კანონები”, აცხადებს ქარელი.