skip to content
ახალი ამბები

პუტინის განცხადებამ ცხინვალსა და სოხუმს სტიმული მისცა

სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ოფიციალური პირები მიესალმნენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 23 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული ვითარება კოსოვოში არსებულ სიტუაციას შეადარა.


“რატომ უნდა მოვიქცეთ ისე, თითქოს ვერ ვამჩნევთ, თუ რა ხდება მსოფლიოში და ევროპაში? იუგოსლავია დაიშალა და მთელმა მსოფლიომ აღიარა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ყველა ამბობდა: კოსოვო არასოდეს იქნება დამოუკიდებელი და კვლავაც დარჩება იუგოსლავიის ნაწილი. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? კოსოვო განცალკევდა და ყველა ისე იქცევა, თითქოს ამას ვერ ამჩნევს და არაფერი სმენია ამის შესახებ“, განაცხადა პუტინმა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა,რომელიც პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, განაცხადა რომ “სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ნაწილი“ და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და სამხრეთ ოსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიშვნენ. ჯიოევმა დასძინა, რომ ამის გათვალისწინებით, სამხრეთ ოსეთი “რა თქმა უნდა პატივს სცემს მეზობელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.


აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სტანისლავ ლაკობამ პუტინის განცხადებას “დიდი წინსვლა” უწოდა. მისი თქმით, ამ განცხადებამ გარკვეულწილად განსაზღვრა “არაღიარებული სახელმწიფოების“ შესაძლო დამოუკიდებლობა. 


 

Back to top button