
პრემიერ-მინისტრი ჯარს, ენერგეტიკას და საგზაო ინფრასტუქტურას პრიორიტეტულად აცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა იმ 200 მლნ აშშ დოლარს, რომელსაც 2005 წელს პრივატიზაციიდან ელოდება, მოახმარს ჯარის მშენებლობას, ენერგეტიკას და გზების მოწესრიგებას.
“ჩვენ მომავალ წელს უნდა მივიღოთ დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარი [პრივატიზაციიდან] და როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ თანხის დიდი ნაწილი არმიას მოხმარდება”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორის რეაბილიტაცია ასევე იქნება პრიორიტეტი. “ჩვენ დაგვჭირდება ათობით მილიონი დოლარი, რათა ვუზრუნველყოთ სრული ენერგომომარაგება 2005 წლის შემოდგომისათვის”, აღნიშნა ჟვანიამ.
“მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველომ თავად უნდა აწარმოოს 1.800 მგვტ ელექტროენერგია. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც საქართველო ახალი წლის ღამეს მოიხმარს”, დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პრივატიზაციიდან შემოსავლის ნაწილი გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.