skip to content
ახალი ამბები

ჟვანია საპრივატიზაციო გეგმებზე საჯაროდ საუბრობს

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური განცხადება გააკეთა “ჭიათურმანგანუმისა” და “ვარციხეჰესის” ერთიან პაკეტში პრივატიზებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, 10 იანვარს ამოიწურება ბოლო ვადა, როცა პოტენციურმა მყიდველებმა თავიანთი წინადადებები უნდა წარადგინონ. 


“11 იანვარს ჩვენ საჯაროდ გავხსნით იმ კონვერტებს, რომელშიც იქნება ამ პაკეტის შეძენის მსურველთა წინადადებები და პრესის თანდასწრებით გავეცნობით მათ პირობებს”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, უკვე არსებობს დაინტერესება “ჭიათურმანგანუმისა” და “ვარციხეჰესის” შეძენასთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა ავსტრიულმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი საწარმოთა 100 მლნ აშშ დოლარად შეძენის თაობაზე და “თავიანთი განზრახულობის დასადასტურებლად 10 მლნ აშშ დოლარის წინასწარ დეპონირება მოახდინა”, დასძენს ჟვანია.


გარდა ამისა ინტერესი გამოთქვეს უკრაინულმა კომპანია “ინტერბაიკმა”  და ყაზახურმა “ალ ფეროლმა”, რომელთა წარმომადგენლებმაც 22 დეკემბერს კონსულტაციები გამართეს სახელმწიფო კანცელარიაში.


“ჩვენ შევქმენით ნამდვილი კონკურენციის პირობები, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს”, განაცხადა ჟვანიამ. 


პრემიერ-მინისტრის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება იმ კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის, წარმოადგენს საინვესტიციო გეგმებს, დასაქმების პერსპექტივებს და განვითარების კონცეფციას.

Back to top button