
პენიტენციალური სისტემის შემოწმების მიზნით მონიტორინგის ჯგუფები შეიქმნა
საქართველოს ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 23 დეკემბერს ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში ადამიანთა უფლებების დაცვის მიზნით სპეციალური მონიტორინგის ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.
“მონიტორინგის ჯგუფები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეიქმნება და მათ მიერ წინასწარი დაკავების საკნების მონიტორინგი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს. ჩვენ ევროკავშირისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით უკვე ჩავატარეთ ტრეინინგები მონიტორინგის ჯგუფების მომავალი წევრებისთვის “, განაცხადა საქართველოს ომბუდსმენმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.
“ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობამ გამოხატა თავისი ნება აღმოფხვრას ადამიანთა უფლებების დარღვევა სამართალდამცავ სტრუქტურებში. მონიტორინგის ჯგუფებს საშუალება ექნებათ გააკონტროლონ პოლიციის თითოეული განყოფილება ან დაკავების საკანი საქართველოს მასშტაბით“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
სოზარ სუბარის თქმით, მონიტორინგის ჯგუფებს ნაწილობრივ მთავრობა დააფინანსებს. “კერძოდ, კომუნიკაციების და ტრანსპორტირების ხარჯებს მთავრობა გაიღებს“, დასძინა მან.
ქართველ უფლებადამცველთა განცხადებით, 2004 წელს, გასულ წელთან შედარებით, წინასწარი დაკავების საკნებში წამების ფაქტებმა საგრძნობლად იმატა.