skip to content
ახალი ამბები

პუტინი: რუსეთმა აფხაზეთში შიდაპოლიტიკური კონფლიქტი მოაგვარა

დღეს კრემლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა აფხაზურ არჩევნებსა და ამ პროცესში რუსეთის როლზე.


“რუსეთმა თავისი საშუამავლო პოზიციით ხელი შეუწყო აფხაზეთში [საარჩევნო] კონფლიქტის დარეგულირებას, რითაც გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე”, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა რუსეთის მაღალი რანგის ჩინოსნების სოხუმში ვიზიტი. რუსეთის გენერალური პროკურორისა და შს მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაცია დეკემბრის დასაწყისში თვითგამოცხადებულ აფხაზეთში პრეზიდენტის დაგეგმილი ინაუგურაციის წინ ჩავიდა. მათი ძალისხმევით პრეზიდენტობის მეტოქე კანდიდატები სერგეი ბაღაფში და რაულ ხაჯიმბა 12 იანვრის ხელახალ არჩევნებზე ერთიანი გუნდით წარდგებიან.


“მოწინააღმდეგეთა პოზიციების დაახლოებაში რუსეთის შუამავლების დამსახურება იყო ის, რომ თავიდან იქნა აცილებული შესაძლო შეიარაღებული დაპირისპირება”, აცხადებს 23 დეკემბერს ვლადიმარ პუტინი და აქვე დასძენს, რომ “რუსი ოფიციალური პირები აფხაზეთს არ სტუმრობდნენ, როგორც კერძო პირები, ჩვენი მცდელობა მიმართული იყო იმისკენ, რომ შიდა პოლიტიკური კონფლიქტი დარეგულირებულიყო”.

“ჩვენ არ ვმუშაობთ საქართველოს წინააღმდეგ. განა საქართველოს ინტერესებში შედის აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე სახით კონფლიქტის ესკალაცია?”, კითხულობს რუსეთის პრეზიდენტი.


ამასთან ვლადიმერ პუტინი ხასგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


“ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენით და ვმუშაობთ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებისთვის პირობების შექნაზე”, განაცხადა პუტინმა.


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მოსკოვი აფხაზეთს ეკონომიკურად დაეხმარება.

Back to top button