
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სროლები დაფიქსირდა
დღეს გამთენიისას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სროლები დაფიქსირდა, რასაც შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლის დაზიანება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლები ოსური პოზიციებიდან ისმოდა.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, მომხდარ ინციდენტს დღეს ქართული მხარე თბილისში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე (შსკ) დააყენებს.
“ამ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხს მოვითხოვთ“, განაცხადა დღეს ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ეთერში გოგა ხაინდრავამ.
“ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ აუცილებელია რეგიონში დემილიტარიზაციის პროცესის განახლება“, აცხადებს ხაინდრავა და არ გამორიცხავს, რომ დემილიტარიზაციის ახალი ვადები განისაზღვროს.
დემილიტარიზაციაზე მხარეები 5 ნოემბერს სოჭში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც განიარაღების ბოლო ვადად 20 ნოემბერი განისაზღვრა. თუმცა 20 ნოემბერს ვლადიკავკაზში შსკ-ს მორიგ შეხვედრაზე ვადამ 28 ნოემბრამდე გადაიწია, “თუმცა ეს პროცესი შეჩერებულია“, აცხადებს ხაინდრავა.