skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი პრივატიზაციიდან 200 მლნ დოლარამდე შემოსავალს ელის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრივატიზაციო პროცესით კმაყოფილია. მისი თქმით, მომავალ წელს ბიუჯეტი პრივატიზაციის შედეგად 200 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალს მიიღებს, საიდანაც 70 მლნ ქართული ჯარის მშენებლობას, 70 მლნ ენერგეტიკას, ხოლო დანარჩენი თანხები გზების მშენებლობას და სოციალურ საკითხებს მოხმარდება.


“შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ქონების 90% გაიყიდა, თუმცა აქედან ქვეყანას პრაქტიკულად არაფერი არ მიუღია, ჩვენ კი ერთ წელიწადში დარჩენილი 10 %-ის პრივატიზებით 200 მლნ დოლარამდე მიღებას ვვარაუდობთ”, განაცხადა დღეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


პრეზიდენტისათვის მიუღებელია პრივატიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების მისამართით ოპოზიციის კრიტიკა.


21 დეკემბერს საპარლამენტო ოპოზიციამ პროტესტი გამოთქვა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კომპანია “ოუშენ შიფინგის” პირდაპირი წესით პრივატიზაციასთან დაკავშირებით და გარიგებას, რომელის 17 დეკემბერს საქართველოს მთავრობასა და კომპანიის მყიდველს “გრინოუქ გრუფს” შორის გაფორმდა, “ფარული“ და “არაგამჭირვალე” უწოდა. წინასწარი მემორანდუმით “გრინოუქ გრუფი” სანაოსნოს ყიდვას 107 მლნ აშშ დოლარად აპირებს.


“შევარდნაძის დროს გამდიდრებულ რომელიმე ოლიგარქს თუ აქვს სურვილი [107 მლნ დოლარზე]ერთი თეთრით მეტი მაინც გადაიხადოს და ეს ფული ამ სახით მაინც დაუბრუნოს ბიუჯეტს და ხალხს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით”, განაცხადა პრეზიდენტმა.


მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას მეტი გამჭვირვალეობისაკენ მოუწოდა და დაავალა პრივატიზაციიდან შემოსული თანხების განაწილების შესახებ საზოგადოებას ყოველთვიური ანგარიში წარმოუდგინოს.
 

Back to top button