
სსფ საქართველოს 21.5 მილიონ დოლარს გამოუყოფს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარების ახალი სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვა და ქვეყანას 21.5 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გამოუყო.
პროგრამა სამწლიანია და ქვეყნისათვის დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
სსფ-ის მიერ 21 დეკემბერს გავრცელებულ პრეს-რელიზის მიხედვით, სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ტაკატოსი კატომ აღნიშნა, რომ “ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში წარმოებული ეკონომიკური საქმიანობა 2004 წელს შთამბეჭდავი იყო. საგადასახადო შემოსავლების სწრაფმა ზრდამ და ანტიკორუფციულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფისკალური ვითარების გაუმჯობესებაში“.
“მთავრობამ ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში, თუმცა შეფერხებებით. ხელისუფლებამ ამბიციური საპრივატიზაციო პოლიტიკა წამოიწყო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით“, აღნიშნა ტაკატოსი კატომ.
სსფ-ის პროგრამა თითქმის 2 წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო საქართველოში, ვინაიდან ქართული მხარე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა.