
სამხედრო ომბუდსმენი გადადგა
სახალხო დამცველის ოფისის სამხედრო ომბუდსმენმა ირაკლი სესიაშვილმა მუხროვანის ინციდენტის გამო დღეს საკუთარი ინიციატივით თანამდებობა დატოვა.
“მაშინ როცა ქვეყანაში ასე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და ისჯებიან უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ჯარისკაცები, ამ თანამდებობაზე ყოფნას აზრი არ აქვს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ირაკლი სესიაშვილმა.
20 დეკემბერს მუხროვანის ბრიგადა შინაგანი ჯარის 60-მდე ჯარისკაცმა “გაუსაძლისი სოციალური პირობების” გამო თვითნებურად დატოვა. მოგვიანებით საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მათი დასჯა მოითხოვეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
“ხელისუფლებამ ჯოხი ამ ჯარისკაცებზე გადატეხა, ხელმძღვანელობა კი დაუსჯელი დარჩა, არადა პირიქით უნდა მომხდარიყო“, დასძინა სესიაშვილმა.
მისი თქმით, ზოგიერთ სამხედრო ნაწილში მართლაც გაუსაძლისი პირობებია.
საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, დღეს ჯარში გაცილებით უკეთესი პირობებია შექმნილი, ვიდრე ეს ცოტა ხნის წინ იყო.