
საპარლამენტო კომიტეტი სანაოსნოს პრივატიზაციას შეისწავლის
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს დაავალა აცნობოს პარლამენტარებს საქართველოს მთავრობასა და “გრინოუქ გრუფს“ შორის დადებული გარიგების დეტალები. გარიგება კომპანია “ოუშენ შიფინგ“-ის 100% აქციების გაყიდვას ითვალისწინებს.
21 დეკემბერს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტი გამოთქვეს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კომპანია “ოუშენ შიფინგის” პირდაპირი წესით პრივატიზაციასთან დაკავშირებით და გარიგებას “ფარული“ და “არაგამჭირვალე” უწოდეს.
“გარიგების ბევრი დეტალი ჩემთვისაც უცნობია. მე ვთხოვე ბატონ [ნიკო] ლეკიშვილს [დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე] მოიპოვოს ინფორმაცია კონტრაქტის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ პარლამენტარებს. თუ დეპუტატები ჩათვლიან, რომ ინფორმაცია არასაკმარისია, ჩვენ მოვიწვევთ მთავრობის წევრებს და ამ საკითხს პარლამენტის სხდომაზე განვიხილავთ“, განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 21 დეკემბერს.
საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა უმსხვილეს საპრივატიზაციო კონტრაქტს “გრინოუქ გრუფ”-თან შპს “ოუშენ შიფინგის,” იგივე “საზღვაო სანაოსნოს” 107 მილიონ დოლარად მიყიდვის თაობაზე. შეთანხმება წინასწარია, თუმცა, კონტრაქტი სავარაუდოდ მომავალი წლიდან შევა ძალაში.
ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 17 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და “გრინოუქ გრუფ”-ის ხელმძღვანელმა იან ბონდე ნილსენმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას.