skip to content
ახალი ამბები

“გრინოუქი“ ქართულ სანაოსნო კომპანიას 107 მილიონ დოლარად შეისყიდის







ქართული კომპანია “ოუშენ შიფინგ”-ის ვალი
72 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 
საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა უმსხვილეს საპრივატიზაციო კონტრაქტს “გრინოუქ გრუფ”-თან შპს “ოუშენ შიფინგის,” იგივე “საზღვაო სანაოსნოს” 107 მილიონ დოლარად მიყიდვის თაობაზე. “გრინოუქ გრუფ”-ი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორია და უკვე ფლობს ბათუმის ნავთობტერმინალს.
 
17 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და “გრინოუქ გრუფ”-ის ხელმძღვანელმა იან ბონდე ნილსენმა ხელი მოაწერეს წინასწარ შეთანხმებას. თუმცა, “გრინოუქი“ იმედოვნებს, რომ ეს გარიგება ახალი წლის დასაწყისში შევა ძალაში.
 
ამჟამად, საქართველოს მთავრობა შპს “ოუშენ შიფინგის” აქციათა 100%-ის მფლობელია. 15 სატვირთო გემის მფლობელ ამ კომპანიაში 700 ადამიანია დასაქმებული.
 
თუმცა, 20 დეკემბერს გაზეთი “24 საათი“ იტყობინებოდა, რომ 15-დან 13 გემი გირაოს სახით ერთ-ერთი გერმანულ ბანკშია ჩადებული. 
 
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შპს “ოუშენ შიფინგის” ვალის საერთო რაოდენობა 72 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
 
წინასწარი გარიგება ასევე მოიცავს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან, ბათუმის ნავთობტერმინალის მიმდებარე ნავმისადგომის ერთობლივი ექსპლუატაციის თაობაზე.
 
ეკონომიკის მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, შეიქმნება ერთობლივი საწარმო საქართველოს მთავრობისა და “გრინოუქის“ მონაწილეობით, რომელიც ბათუმის ნავთობტერმინალის მიმდებარე სამ ნავმისადგომს გააკონტროლებს. “გრინოუქი“ საწარმოს აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდება, ხოლო ქართული მხარეს მფლობელობაში აქციათა 49% დარჩება.

ალექსიშვილის განცხადებით, ერთობლივი საწარმოს შექმნის შედეგად საქართველო ყოველწლიურად “გარანტირებულ 7 მილიონ დოლარს მიიღებს.”
 
“ამ მასშტაბის კონტრაქტი საქართველოს საპრივატიზაციო ისტორიაში არ დადებულა. ამ დღეებში იურისტები ხელშეკრულების დეტალებს შეათანხმებენ და სანავიგაციო კომპანია მიეყიდება “გრინოუქ გრუფს“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 18 დეკემბერს, ტელეკომპანია “მზის“ პირდაპირ ეთერში.
 
“სულ რაღაც სამი თვის წინ საზღვაო სანაოსნოში სხვა ინვესტორები 30 მილიონ აშშ დოლარს გვთავაზობდნენ, თუმცა ჩვენ დაცდა ვარჩიეთ“, დასძინა მან.
 
შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, “გრინოუქმა“ არ უნდა შეამციროს კომპანიის ახლანდელი საშტატო ერთეული. 
 
“ჩვენ გავაცანით “გრინოუქს“ ჩვენი პირობები, რომ კომპანია “ოუშენ შიფინგის” ყველა თანამშრომლისათვის სამუშაო ადგილის შენარჩუნება უნდა მოხდეს. ჩვენ ასევე ვიზრუნეთ იმაზე, რომ ბათუმის ნავთობტერმინალიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის ნაკადი დარჩეს უცვლელი, რაც არ გამორიცხავს პოტენციური ზრდის შესაძლებლობას”,  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 17 დეკემბერს კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ.
 
“გრინოუქ გრუფი“ საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს წარმოადგენს. მისი მრავალდარგობრივი საქმიანობა მოიცავს ნავთობის ტრანსპორტირებას და შენახვას, ტექსტილის წარმოებას და ენერგომომარაგებას. საქართველოში კომპანია ძირითადად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქმიანობს.
 
“გრინოუქ გრუფის“ ინფორმაციით, კომპანიამ აჭარაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა1999 წლიდან მოყოლებული. 99–ში კომპანიამ ბათუმის ნავთობტერმინალი შეისყიდა. გაზეთი “24 საათი“ იუწყება, რომ ბათუმის ნავთობტერმინალის პრივატიზება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით, 8,8 მილიონ ლარად განხორციელდა.

თუმცა, კომპანიის განცხადებით, მან 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის ნავთობტერმინალის მოდერნიზებას მოახმარა, რომლის მეშვეობითაც გადასამუშავებელი ნავთობისა და სხვა ნავთობპროდუქტების ტრანზიტი ხორციელდება ნავთობექსპორტიორი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.
 
“გრინოუქ გრუფი“აჭარაში ასევე ფლობს ტესტილის ქარხანას ”ბათუმიტექს“-ს და საზღვაო საბუქსირო მომსახურების კომპანიას.
 
“გრინოუქ გრუფმა“ ინვესტიციები ჩადო ასევე ქობულეთში 60 მეგავატი სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.
 
ერთი პერიოდი “გრინოუქ გრუფსა“ და საქართველოს ახალ ხელისუფლებას შორის ურთიერთობები დაიძაბა, განსაკუთრებით კი ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ყოფილ ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის დაპირისპირების დროს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდა აჭარის ყოფილ ლიდერთან აბაშიძესთან.
 
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ “გრინოუქ გრუფის“ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ “საქართველოს მთავრობასთან  მიღწეულია შეთანხმება ყველა არსებული საკითხის მოგვარების თაობაზე“.
 
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიამ კი განაცხადა, რომ “სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელსაც აქვს ყოფილ მთავრობასთან მუშაობის გამოცდილება, მზად არის განაგრძოს თანამშრომლობა ახალ საქართველოში“.

Back to top button