
საქართველო საზღვაო სანაოსნოს პრივატიზებით 107 მლნ დოლარს მიიღებს
საქართველოს მთავრობამ “გრინოუქ გრუფ”-თან, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორია და უკვე ფლობს ბათუმის ნავთობტერმინალს, შეთანხმებას მიაღწია შპს “ოუშენ შიფინგის” აქციათა 100%-ის მიყიდვის თაობაზე.
“გრინოუქ გრუფ“-ის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, კონტრაქტის საერთო ღირებულება 107 მილიონ დოლარს აღწევს.
ეს წინასწარი შეთანხმებაა, თუმცა “გრინოუქი“ იმედოვნებს, რომ ხსენებული გარიგება ახალი წლის დასაწყისში შევა ძალაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და ბათუმის ნავთობტერმინალის თავმჯდომარემ იან ბონდე ნილსენმა შეთანხმებას 17 დეკემბერს მოაწერეს ხელი.
გარიგება ასევე მოიცავს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან, ბათუმის ნავთობტერმინალის მიმდებარე ნავთობის ნავმისადგომის ერთობლივი ექსპლუატაციის თაობაზე.
“სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელსაც აქვს ყოფილ მთავრობასთან მუშაობის გამოცდილება, კვლავაც მზად არის განაგრძოს თანამშრომლობა ახალ საქართველოში და განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები, რაც მხოლოდ 2005 წლისათვის დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
“ჩვენ გავაცანით “გრინოუქს“ ჩვენი პირობები, რომელიც ასევე კომპანია “ოუშენ შიფინგის” ყველა თანამშრომლისათვის სამუშაო ადგილის შენარჩუნებას ითვალისწინებს. ჩვენ ასევე ვიზრუნეთ იმაზე, რომ ბათუმის ნავთობტერმინალიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის ნაკადი დარჩეს უცვლელი, რაც არ გამორიცხავს პოტენციური ზრდის შესაძლებლობას”, დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ბათუმის ნავთობტერმინალისა, “გრინოუქ გრუფი“ ასევე მართავს “ბათუმიტექს“-ს, ბათუმის ტექსტილის კომპანიას.
“გრინოუქ გრუფმა“ ინვესტიციები ჩადო ასეევე ქობულეთში 60 მეგავატი სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურის მშენებლობაში.
“გრინოუქ გრუფმა“ დააბანდა კაპიტალი “კასპიან მერითაიმში“, რომელიც კასპიის ზღვაში ნავიგაციისთვის განკუთვნილი ტანკერების მშენებლობაში მონაწილეობს.