
იტალიური ბანკი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას აღარ დააფინანსებს
იტალიურმა ბანკმა Banca Intensa, რომელიც იმ 15 ბანკის გაერთიანებაში შედის, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტისთვის სესხებს გასცემენ, განაცხადა, რომ მან გაყიდა თავისი წილი ნავთობსადენის დაფინანსებაში, აცხადებენ “როიტერი” და “ფაინანშალ თაიმსი”.
არსებული ინფორმაციით, იტალიური ბანკი მთლიანი პაკეტის გაყიდვის თაობაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ბანკების სინდიკატი ამჟამად აერთიანებს: ABN AMRO, Citibank, Mizuho და Société Générale, BNP Paribas, Crédit Agricole Indosuez, Dexia, HypoVereinsbank, ING, KBC, Natexis Banques Populaires, San Paolo IMI, West LB, Royal Bank of Scotland.
ცოტა ხნის წინ არც თუ სახარბიელო ინფორმაცია გავრცელდა ნავთობსადენის შესახებ.
აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა ნატიკ ალიევმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის ხარჯები დაგეგმილ ბიუჯეტს აღემატება და 4 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს საწყის თანხას 350-400 მილიონით აღემატება.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაზრდილმა ხარჯებმა აიძულა ExxonMobil, რომელსაც აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტის უფლება აქვს, განეცხადებინა, რომ იგი აღარ მიიღებს მონაწილეობას პროექტში და სანაცვლოდ ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს კომპანია Azpetrol-თან 10 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის ბაქოდან რკინიგზის საშუალებით ბათუმის გავლით ექსპორტირების თაობაზე.
ბრიტანული გაზეთი “გარდიანი“ 17 ნოემბერს იუწყებოდა, რომ ნავთობსადენის მხოლოდ ერთ ნაწილში მილების შეერთების ასობით ადგილი დეფექტური აღმოჩნდა.
“გარდიანი“ ეყრდნობა აშშ-ის საკონსულტაციო ფირმის WorleyParsons ინფორმაციას, რომელსაც კრედიტორებმა ნავთობსადენის შემოწმება მას შემდეგ სთხოვეს, რაც გარკვეული პრეტენზიები გაჩნდა ნავთობსადენზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.