
პრეზიდენტმა ქვემო ქართლის რწმუნებულად კვლავ ზურაბ მელიქიშვილი დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქვემო ქართლის რეგიონში რწმუნებულად სახელმწიფო მინისტრი ზურაბ მელიქიშვილი დანიშნა, რომელიც ამ თანამდებობაზე სახელმწიფო მინისტრად გადაყვანამდე მუშაობდა.
პრეზიდენტის თქმით, ქვემო ქართლში ვითარება გართულებულია, “იმატა კონტრაბანდამ, უკანონობამ, გაიზარდა დანაშაულის რაოდენობა, ამის გამო უნდა შეიცვალოს რწმუნებული, რომელმაც რეგიონში წესრიგი უნდა დაამყაროს”, განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა.
“იქ [ქვემო ქართლში] კიდევ არსებობენ მამალაძის (ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი) მომხრე კრიმინალები, რომლებიც მიწებსა და ქონებაზე კონტროლს ინარჩუნებენ. იქ მცხოვრებ ხალხს არ უნდა ჰქონდეს უსამართლობისა და დისკრიმინაციის განცდა“, განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ თითოეული კრიმინალური ფაქტი უნდა იქნეს ბოლომდე გამოძიებული.
ფინანსურმა პოლიციამ 8 დეკემბერს მარნეულის რაიონის აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ სოფელ ვახტანგისში ჩატარებული რეიდის შედეგად მოსახლეობიდან დაახლოებით 5 მლნ ლარის ღირებულების კონტრაბანდული ტვირთი ამოიღო, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის და აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა.
“ყველამ უნდა გაიგოს, რომ კონტრაბანდისტებს ქართული სახელმწიფოს შანტაჟი არ გაუვათ”, აცხადებს პრეზიდენტი.
სააკაშვილის თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად კონტროლზე იქნება აყვანილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი.