
ბარამიძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას პროვოკაციად აფასებს
თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე პროვოკაციას უწოდებს “ნეზავისიმაია გაზეტას” მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი “მზად არის გაანადგუროს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ტერორისტული ბაზები“. გაზეთის ვარაუდით ეს ღონისძიება პირველ რიგში პანკისის ხეობას ეხება.
“ეს პროვოკაციაა, არანაირი ჩეჩნური დაჯგუფება არ არსებობს პანკისის ხეობაში. ეს დაუფიქრებელი განცხადებაა, რაც რუსეთს ძალიან რთულ და სულელურ მდგომარეობაში აყენებს“, განაცხადა დღეს გიორგი ბარამიძემ.
მისი თქმით, საქართველო ასეთ განცხადებებს უპასუხოდ არ დატოვებს. “იქნება ადეკვატური რეაქცია”, დასძენს ბარამიძე.
10 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას მზად არის ებრძოლოს ტერორისტულ დაჯგუფებებს. “არ გამოვიყენებთ მხოლოდ ატომურ იარაღს”, განაცხადა ივანოვმა, თუმცა მის განცხადებაში უშუალოდ საქართველო ნახსენები არ ყოფილა.