ახალი ამბები

ქართველი მესაზღვრეები ეუთოს მონიტორინგის მნიშვნელობაზე

დღეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კორნელი სალიამ შეშფოთება გამოთქვა ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისიას მანდატი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება, ხოლო რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციის გამო ვადის გაგრძელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას


“მონიტორინგის გარეშე საზღვარი არ უნდა დარჩეს”, აცხადებს სალია და ამის მრავალ მიზეზს ასახელებს.


“უპირველესად, ეუთოს საზღვრის მონიტორინგი ეფექტური საშულებაა თავიდან ავიცილოთ რუსეთის უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოში ბოევიკების არსებობის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეეფერება.  ამას გარდა, ქართველი მესაზღვრეებისათვის, რომელთა შესაძლებლობებიც ფინანსების სიმწირის გამო შეზღუდულია, ძალიან მნიშვნელოვანია ის ტექნიკური და ინფორმაციული მხარდაჭერა, რასაც ეუთოს მისია გვიწევს”, აცხადებს კორნელი სალია “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში.


“სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით რუსეთის პოზიციის გამო მისიის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, თუმცა სალომე ზურაბიშვილის სოფიაში და ბრიუსელში ვიზიტებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოჰყვა, რამაც იმედები გააჩინა”, აცხადებს სალია.


მისი თქმით, გაუგებარია რუსეთის საწინააღმდეგო პოზიცია ეუთოს მონიტორინგის მიმართ, რომელიც სასარგებლოა როგორც ქართული, ისე რუსული მხარისათვის საზღვრის უკეთ კონტროლის თვალსაზრისით.  თუმცა შესაძლოა “მათ [რუსებს] არ აწყობთ ის, რომ ეუთო აფიქსირებს სახმელეთო და საჰაერო საზღვრის დარღვევის თითოეულ ფაქტს”, დასძენს სალია.


“რუსეთმა ასეთი პოზიცია მას შემდეგ დაიკავა, რაც ქართულმა მხარემ ამ მისიის მანდატის სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გაფართოვების საკითხი დააყენა”, აღნიშნავს სალია.


7 დეკემბერს სოფიაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ქართული დელეგაციის მოთხოვნას ეუთოს მონიტორინგის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. თუმცა წინააღმდეგი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც განაცხადა, “ეუთოს მისიამ უკვე შეასრულა თავის მიზანი”.


ეუთოს მისია საქართველო-რუსეთის საზღვრის ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის მონაკვეთზე მონიტორინგს 1999 წლიდან ახორციელებს .

მსგავსი/Related

Back to top button