
აზერბაიჯანის არასამთავრობო სექტორი საქართველოში აზერბაიჯანელთა უფლებების დარღვევას აპროტესტებს
აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნულმა ფორუმმა, რომელმაც 7 დეკემბერს ბაქოში შეხვედრა გამართა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელზე მიმართვა მიიღო, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა უფლებების დარღვევას ეხება, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო BakuToday.
მიმართვა შეიცავს მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლებისადმი ობიექტური შეფასება მიეცეს მოვლენებს და ბოლო მოეღოს საქართველოში მცხოვრები 650,000-ზე მეტი აზერბაიჯანელის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების დარღვევას.
სხდომაზე გამოსვლისას ფორუმის პრეზიდენტმა აზაი გულიევმა განაცხადა, რომ როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყენამ, საქართველომ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა უფლებებს განათლებისა და ქონებისადმი, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა და ეროვნებისა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური მიმომხილველები.
აზერბაიჯანის არასამთავრობო სექტორის პროტესტი საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა უფლებების დარღვევამ გამოიწვია, რომელთაც არ მიეცათ საშუალება მიწის პრივატიზაციის პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. მათი სამოქალაქო უფლებები ქვეყანაში განხორციელებული მიწის რეფორმის დროსაც დაირღვა, აცხადებს BakuToday.
აზერბაიჯანის არასამთავრობო სექტორი ასევე გამოხატავს შეშფოთებას მარნეულის რაიონში 3 დეკემბერს აზერბაიჯანელ მოსახლეობასა და ცხენსაშენის დაცვის სამსახურს შორის მომხდარი შეტაკების დროს აზერბაიჯანელი ქალბატონის მკვლელობისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაშავების გამო. შეტაკება მიწის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა გამოიწვია.
საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.