ახალი ამბები

ხაჯიმბა: აფხაზეთში იარაღის ჩაბარების პროცესი თითქმის დასრულებულია

რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ 9 დეკემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ხაჯიმბას და პრეზიდენტობის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მომხრეთა მიერ იარაღის ჩაბარების პროცესი თითქმის დასრულებულია.


“პრაქტიკულად ჩაბარებულია ყველა იარაღი. შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც ვითარების დაძაბვის დროს მობილიზებული იყვნენ, უკვე დაიშალნენ“, განუცხადა რაულ ხაჯიმბამ ჟურნალისტებს 9 დეკემბერს.


განიარაღებას 6 დეკემბერს რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ბაღაფს შორის შეთანხმების შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს.


დოკუმენტის თანახმად, თვითგამოცხადებულ რეგიონში 13 იანვარამდე განმეორებითი საპრეზიდნეტო არჩევნები ჩატარდება, რომელშიც სერგეი ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, რაულ ხაჯიმბა კი – ვიცე-პრეზიდენტად.

Back to top button