
არძინბა რუსეთის მიმართ მადლიერებას გამოთქვამს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა აფხაზეთში ვითარების დარეგულირებაში რუსეთის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს და მადლიერებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ.
“რეალურად სწორედ ეს ძალისხმევა დაგვეხმარა საშიში სცენარით მოვლენეთა განვითარების თავიდან აცილებაში“, ნათქვამია ვლადისლავ არძინბას განცხადებაზე დაყრდნობით “რია ნოვოსტის” 8 დეკემბრის ინფორმაციაში.
არძინბა რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთის მიმართ ეკონომიკურ დახმარებას თხოვს, “რადგან ამ დროისთვის აფხაზეთი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს გადაწყვიტოს კომპლექსური საკითხები“.
დე ფაქტო პრეზიდენტი ასევე ითხოვს რუსეთთან საზღვრის გახსნას და მიმოსვლის, მათ შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას. თვითგამოცხადებულ რეგიონსა და რუსეთს შორის ყველა სახის მიმოსვლა 2 დეკემბერს აფხაზეთში ვითარების გამწვავების მოტივით შეწყდა.
ამასთან, “რია ნოვოსტი” რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწის გენადი ბუკაევის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მოსკოვმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეზე სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.